"რეალის" 31 წლის კაპიტანი რაული, რომელსაც კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2011 წლის ივლისში ეწურება, შესაძლოა, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტიურ სპორტს ჩამოშორდეს, ან კარიერა ამერიკულ ლიგა MLS-ში გააგრძელოს. ცოტა ხნის წინ, რაულმა "სამეფო თეთრების" მაისურით 311-ე გოლი გაიტანა, რითაც ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. "როცა უმაღლეს დონეზე თამაშობ, ამ დროს კარიერის დასრულებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი ხდება, თუმცა კარგად მესმის, რომ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ადრე თუ გვიან, მეც მომიწევს საკუთარი კარიერისთვის წერტილის დასმა. ჩემსა და "რეალს" შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში 2011 წლის ივლისამდე იქნება. მის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა მივიღო გადაწყვეტილება – გავაგრძელო, თუ არა ფეხბურთის თამაში, დავრჩე, თუ არა "სამეფო კლუბში". არ არის გამორიცხული, მადრიდული კლუბის ფორმის გახდის შემდეგ, საკუთარი თავი MLS-ის რომელიმე კლუბში გამოვცადო, თუკი ამის საშუალებას ასაკი და ჯანმრთელობა მომცემს. სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში, ამერიკულმა ლიგამ ძალიან დამაინტერესა და მინდა, იქ თუნდაც ერთი სეზონი გავატარო", - განუცხადა რაულმა Marca-ს ჟურნალისტს "ლივერპულთან" მატჩის წინ. რაული უკვე იქცა "სამეფო კლუბის" ლეგენდად. მისი პროფესიული კარიერა 1994 წელს დაიწყო და იქიდან მოყოლებული, რაული და "რეალი" განუყრელნი არიან. მადრიდელთა ფორმით მან უკვე შვიდასამდე მატჩი ჩაატარა და როგორც ზემოთ უკვე გითხარით, მათში გატანილი 311 გოლით, კლუბის ყველა დროის რეკორდსმენად იქცა. "რეალის" სიმბოლოს, ნაკრების თავკაცები ბოლო პერიოდში რატომღაც აღარ სწყალობენ, არადა, კლუბში იგი კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს და არც ეროვნულ გუნდში თამაშის დროს შეურცხვენია თავი - რაულმა ნაკრებში ჩატარებულ 102 მატჩში, 44 გოლის გატანა მოახერხა. ამის მიუხედავად, უკვე ორი წელია, იგი ამაოდ ელის ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას...
|